სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ბათუმში
13.07.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ბათუმში
 
2016 წლის 12 და 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმროში „შერატონ ბათუმი“ გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, აჭარის, გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების, ბიზნესსაზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიებები გაიმართა USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტთან თანამშრომლობით.
შეხვედრებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ 2015-2016 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო მოწვეულ სტუმრებს.
სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლაცაბიძემ დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები წარუდგინა.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებსა და ახალი სერვისების გამოყენების მეთოდური მითითებების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სააგენტოს ექსპერტ-ანალიტიკოსმა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სატესტო ვერსიაში, დეტალურად, ყველა პროცედურის გავლით, ე. წ. ორ ეტაპიანი ტენდერის მსვლელობის პრეზენტაცია მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა დავით ჯაიანმა. 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აქტივობებს, დაგეგმავენ სამუშაო შეხვედრებს, ფორუმებს, ბიზნეს-კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს. ასევე, მემორანდუმის შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერთობლივ ღონისძიებებსა და აქტივობებში საკუთარი წევრების, მოწვეული ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობას უზრუნველჰყოფს. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო და პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. მათ შორის, სააგენტო აქტიურად ჩაერთვება თბილისსა და რეგიონებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში ბიზნეს-სექტორთან, რომელიც მეწარმეთა პრობლემების გამოვლენასა და მათ მოგვარებას ემსახურება.
ღონისძიებების ბოლოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა უპასუხეს კითხვებს და შეხვედრაში მონაწილე პირებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოცემული პუბლიკაციები გადასცეს.