სიხლეები   შეხვედრა სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან
13.09.2016
  
 
2016 წლის 13 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის მეათე შეხვედრა ბიზნესმენებთან  - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებული მიმწოდებლებთან. როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია იმ პრობლემების მოსმენა და შესაბამისი ზომების მიღება, რომელიც ბიზნესმენებს აწუხებთ. „ჩვენ გვსურს მოვისმინოთ მათი პრობლემები, სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც მათ ტენდერებში მონაწილეობისთვის ხელს უშლით. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრები თემატურად დავყავით. მშენებლობის სფეროში დასაქმებული ბიზნესმენებისგან მოვისმინეთ, რა აწუხებთ მათ და რა არის გამოსასწორებელი, როგორ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წინა შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები, კერძოდ, თანხის არადროული გადახდა, არაადეკვატური ჯარიმები და სხვა პრობლემები, უკვე ჩვენს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებშია ასახული, რომლებიც ამ საკითხებს არეგულირებენ“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.
შემდეგი, მეთერთმეტე  შეხვედრა ჩატარდება 28 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან ტანსაცმლის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები. მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია ბეჭვდისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების, ასევე დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.