სიხლეები   ცვლილებები N9 ბრძანებაში
27.08.2013
  
 

2013 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებაში, რომელთა მიხედვით:

  • ხელშეკრულებისათვის სტატუსის მინიჭების პირობებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შემსყიდველმა ორგანიზაციებმა (რომელთაც კანონმდებლობით ევალებათ ხელშეკრულებისათვის სტატუსების მინიჭება) ხელშეკრულებისათვის ,,შესრულებული ხელშეკრულება“ სტატუსის მინიჭებამდე სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად სისტემაში ასევე უნდა ატვირთონ საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ხელშეკრულებისათვის ,,შეუსრულებული ხელშეკრულება“ სტატუსის მინიჭებამდე  – ასევე ინფორმაცია ფაქტობრივად გადახდილი თანხების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  • დაზუსტებულ იქნა იმ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ზოგიერთი სამართლებრივი ფორმის მქონე შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რაც აუცილებელია სისტემაში რეგისტრაციისათვის, კერძოდ:

ა) არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი, სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია შევსებულ განაცხადთან ერთად  სააგენტოში დამატებით  წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა სახელმწიფო ხაზინიდან ან სხვა შესაბამისი საფინანსო ორგანოდან (ბლანკზე და ბეჭდით დამოწმებული), რომელიც ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან;
ბ) საწარმო, რომლის, აქციათა ან წილის 50%–ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,  სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია  შევსებულ განაცხადთან ერთად  სააგენტოში დამატებით  წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  მიერ 50%–ზე მეტი აქციათა ან წილის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან.
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სისტემაში რეგისტრაციისთვის ვალდებულია  შევსებულ განაცხადთან ერთად სააგენტოში დამატებით წარმოადგინოს მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას და მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელშეკრულების მოქმედება სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ანდა სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.

 

  • მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა შავ სიაში პირის დარეგისტრირების შესახებ განხილვის პროცესში, კერძოდ შემოღებულ იქნა შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის გაფრთხილების მექანიზმი  – ,,ყვითელი ბარათი“, კერძოდ:


იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის აუცილებელ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.