შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში. განხორციელებული ცვლილების თანახმად, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს მომართვის წარდგენამდე/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია კონკრეტული ვადით და აღნიშნული ვადა არ არის ამოწურული.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
ონლაინ ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების საბაზისო კურსი“ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი ანახლებს მიმდინარე წლის 16 მაისიდან საბაზისო ტრენინგებს „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსს“. ტრენინგების ბენეფიციარები არიან სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტები.
ყველა სასწავლო სესია დასრულდება კითხვა-პასუხის რეჟიმით. ტრენინგებს შეუძლიათ დაესწრონ ადრე კურსდამთავრებულები და უკვე სერთიფიცირებული თანამშრომლები.
ტრენინგები სრულიად უფასოა. ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაუყოვნებლივ გაიარონ რეგისტრაცია:
http://procurement.gov.ge/ka/page/registration
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 570 577 თინათინ ალენი
555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
(გაფრთხილება!)
როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის № 2 ბრძანებით დამტკიცებული შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ მათი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარება და მათი შემდგომი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების მონიტორინგს, მათ შორის: შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მიმწოდებელს/მიმწოდებლებს შორის შესყიდვის ხელშეკრულებების დადების პროცესის ზედამხედველობას, მხარეთა მიერ შესყიდვის ხელშეკრულებებითა და კონსოლიდირებული ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს;
გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის აპარატი მონიტორინგს უწევს კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებების დროულად ატვირთვის პროცესს, რის შედეგადაც გამოვლონდა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევის ხშირი ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმისათვის, რომ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიამ შეძლოს საკუთარი ფუნქციების განხორციელება, გთხოვთ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებები ატვირთოთ ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველებში, არაუგვიანეს მათი დადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
პატივისცემით,
კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია
შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით, „2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N225 განკარგულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ოქმი N10) 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) ფარგლებში მომსახურების გაწევის ვადა გაგრძელდა 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე ან/და გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. კერძოდ, „თეთრი სიის წარმოების წესსა და პირობებში“, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესსა“ და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“, ასევე, „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“.
განხორციელებული ცვლილებებით დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე მიმწოდებლების მიერ შესასრულებელი მთელი რიგი ვალდებულებებისა. მათ შორის, ახლებურად წესრიგდება თეთრ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივი შედეგი და თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი გათავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა სააგენტოში წარდგენაც სავალდებულოა თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად/რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. გარდა ამისა, იცვლება თეთრ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მარეგულირებელი მთელი რიგი დებულებებისა.
ამავე ცვლილებებით, დისკვალიფიკაციის საფუძვლად განისაზღვრა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო/საკონკურსო პირობებთან შეუსაბამობა. ამასთან, თუ პრეტენდენტი, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარს იტყვის აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად. ამავდროულად, დგინდება შეწყვეტის ოქმის დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი და შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული გარემოებები და არგუმენტები, რომლებმაც განაპირობა ტენდერის/კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხსენებული დოკუმენტი განსაზღვრავს ელექტრონული ტენდერის განხორციელებამდე გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. მითითებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის წარმატებით ჩატარების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციისა და ბიზნეს წრეების ინტერესების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
შემსყიდველ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაცია, რათა მიღწეულ იქნეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნები და უზრუნველყოფილ იქნას ელექტრონული ტენდერის წარმატებით განხორციელება.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაზომიერად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესისათვის თადარიგის დროული დაჭერა, მისი გონივრული დაგეგმარება, რათა სატენდერო პროცედურების გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთისა და პრევენციისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს, სატენდერო პროცედურების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შესყიდვები.
შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულის იგნორირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით მომართვისას, სააგენტოს მიერ არ იქნება გაცემული თანხმობა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებაზე, ხოლო, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციებს.